გურამ დოჩანაშვილი / თავფარავნელი ჭაბუკი /

ზღვის გაღმა, კოშკში, ქალი ცხოვრობდა,
ზღვის გაღმა, კოშკში ცხოვრობდა ქალი…
ფუღურო

ზღვის გაღმა, როგორც კი მოსაღამოვდებოდა, ერთი ავსული დედაბერი ჩაშავებული ფუღუროდან თავს ქურდულად გამოჰყოფდა და იქაურობას ავად მოავლებდა გადმოკარკლულ თვალებს. წამსვე შეიმალებოდა ფუღუროში, დაღამებას გატრუნული უცდიდა, მერე კი, მაგრამ რომ ჩამობნელდებოდა, ჯერ მოკაუჭებულ ცხვირს გამოჰყოფდა, მერე თავს, გაძვალტყავებულ ხელსაც გამოაძვრენდა, გაჭირვებით გამოფოფხდებოდა ჩაშავებული ფუღუროდან – ზღვის გაღმა, ტყეში, ყოველი ღამით, ერთი ავსული დედაბერი ჩაშავებული ფუღუროდან იბადებოდა.

ცარიელი ძვალი და ტყავი იყო, მაგრამ დიდი მუცელი ჰქონდა, უთიმთიმებდა. უცნაური სიარული იცოდა – კი დაძუნძულებდა, მაგრამ ისე სწრაფად, ისე მსუბუქად და უხმაუროდ… მიძუნძულებდა და გაფარჩხულთითიბიანი ხელები მოეხარა, მხრებამდე აეტანა, თითქოს დასაკლავ ქათამს დასაჭერად ეპარებოდა.

ჯერ იმ თავის ხეს ერთი-ორჯერ შემოუვლიდა, მოათვალიერებდა, მერე იქითკენ გასწევდა, ორი ყვითლად აბრიალებული თვალი რომ ენთო – დაბალ, მოკლე ტოტზე იმისი ორბი იჯდა, დედაბერივით კაუჭა ნისკარტი ჰქონდა, ბრჭყალები ღრმად ჩაესო გამხმარ ტოტში და ამაყად განზე იყურებოდა. შეხვედრას დიდი სიხარული ახლდა – ორბი ღონივრად გაშლიდა ვეება ფრთებს, დედაბერი კი ბრჭყალებზე გაძვალტყავებული, დაგრეხილი თითებით მიეფერებოდა, აჩურჩულდებოდა:

ლისო, ლისო, ქარი ქრისო – ლისიმ დალალეო,
ჩემი ორბი ფრთასა შლისო – ლისიმ დალალეო,

– ხორცი არ გინდა, ხორცი?

როგორ არ უნდოდა – მხრებს აიწურავდა, ნისკარტზე კლანჭებს გაისვამდა. დედაბერიც საიდანღაც გამოაძვრენდა უმი ხორცის ნაჭრებს, მიუგდებდა.

ორბი მიწაზე ფრთაგაშლილი ხტებოდა, სისხლიან ნაჭერს კლანჭებს ჩაასობდა, ნისკარტით გლეჯდა, ძიძგნიდა. დედაბერი კი ირგვლივ უტრიალებდა, შიგადაშიგ ჩუმ ტაშს შემოჰკრავდა და დაჰღიღინებდა:

ლისო, ლისო, ქარი ქრისო – ლისიმ დალალეო,
ჩემი ორბი ფრთასა შლისო – ლისიმ დალალეო,

ხორცი გიყვარს, ხომ, ხორცი?

ორბი ხარბად იკორტნებოდა და მოზრდილ ლუკმას რომ ააგლეჯდა, თავს მაღლა ასწევდა და ისე ყლაპავდა. და, ერთხელაც რომ აღაღო თავი, გახევდა – უფრო ააბრიალა თვალები. ამად იმზირებოდა სადღაც, შორით…

დედაბერი კი მაშინვე მოიკუნტებოდა, თითებს სახელოში შეიმალავდა, დამჭკნარ კისერს მხრებში ჩაიძვრენდა, ფეხის წვერებზე შედგებოდა და, მობუზული, ისიც კოშკისკენ იხედებოდა:
– ისევ ანთია?
თვალები ყვითლად უკიაფებდა გამწარებულ ორბს.
– ანთია, არა?
ზღვის გაღმა, კოშკში, ქალი ცხოვრობდა,
ზღვის გაღმა, კოშკში ცხოვრობდა ქალი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s