სერვანტესი / დონ კიხოტი / მარსელას სიტყვა უპასუხო სიყვარულზე

მარსელას სიტყვა უპასუხო სიყვარულზე

   თქვენ ამბობთ, ღმერთმა მშვენიერი გაგაჩინაო, და ვინც კი მნახავს, არ შეუძლია არ შემიყვაროს, მაგრამ ჩემი სილამაზე რომ ჩემს თავს აყვარებს ხალხს, განა მეც ყველა უნდა შევიყვარო, ვისაც ვუყვარვარ? ჩემი ჭკუით ვიცი, ყველა მშვენიერი ჩემთვის საყვარელია, მაგრამ აქაო და მშვენიერი ყველას თავს გვაყვარებს, განა სამართლიანი იქნება მასაც თანაბარი სიყვარული მოვთხოვოთ ყველამ? რატომ იმას კი არ ფიქრობთ, რომ მშვენიერ ქალში შეყვარებული შეიძლება მახინჯი იყოს და ზიზღის მეტისა სხვა გრძნობის აღძვრა არ შეეძლოს. მოდის ის მახნიჯი და გეუბნება: „მიყვარხარ, იმიტომ რომ ლამაზი ხარ და შენც უთუოდ უნდა შემიყვარო, თუმცა მახინჯიცა ვარო“. რა სამართალია? მაგრამ ვთქვათ, რომ ორივე მხარე ლამაზია. განა ამიტომ აუცილებელია ორივე მხარე ურთიერთთან ერთნაირ მიმზიდველობას გრძნობდნენ? თვალისმომტაცი მშვენიერება განა უთუოდ გულსაც იტაცებს? მარტო სილამაზე რომ იმონებდეს გულს, მაშინ ხომ მარტო ურიგო, გაუმაძღარი სურვილების ფორიაქს დავინახავდით ჩვენს გარშემო და ჩვენი სიცოცხლე მუდამ სიყვარულის საგნის გამოცვლა იქნებოდა. და თუ სიყვარული ძალად არ შეიძლება, ვის შეუძლია ძალად შემაყვაროს თავი, თუ მისკენ გული არ მიმიწევს. სიყვარული თავისუფალი უნდა იყოს და არა ძალდატანებითი, თუ ეს ასეა, მაშ, ძალას რად მატანთ შეგიყვაროთ? ერთი მითხარით, თუ ღმერთი გწამთ, გონჯი რომ გავჩენილიყავ, სიმართლე მექნებოდა დაგმდურებოდით, რატომ არ გიყვარვართ-მეთქი? თუ ღმერთმა ლამაზი გამაჩინა, რა შუაში ვარ, მე ხომ არ მითხოვნია? განა გველს დანაშაული აქვს, ნესტარში რომ შხამი უდგას და თავის გარშემო სიკვდილს ჰფენს? მაშ, ჩემი სილამაზის გამო ჩემი გაკიცხვაც არ შეიძლება. პატიოსანი ქალის სილამაზე შორს მოვარვარე ცეცხლს ან უძრავადმდებარე ხმალს ედარება, ერთიცა და მეორეც მაშინ სწვავს და სჭრის, როცა ახლოს ეკარებიან. ნამდვილი ჩვენი სილამაზე სულის ღირსებაა: უიმისოდ შეიძლება ლამაზიც ვიყოთ, მაგრამ ლამაზებად კი არ უნდა ვითვლებოდეთ. ნუთუ ქალი ვალდებულია თავისი საუკეთესო სამკაული მამაკაცის წამიერ სურვილს უმსხვერპლოს, ჩვენს ჭეშმარიტ მშვენიერებას რომ გვტაცებს?

   თავისუფლად დავიბადე და რადგან ამ თავისუფლებას ძვირად ვაფასებ, ამიტომაც ველად გამოველ: ჩემი მესაიდუმლენი ამ მთის ტყეებია, და ანკარა წყაროები – ჩემკი სარკეა: ჩემს ფიქრებსა და მშვენებას მათ ვუზიარებ. შორს მოვარვარე ცეცხლი და მიუკარებელი ხმალი ვარ. ვინც კი ერთის დანახვით შემიყვარა, ყველას გულწრფელად თვალები ავუხილე, და თუ იმ უარმა ისინი გონს ვერ მოიყვანა, თუ მაინც კიდევ ამაო იმედებით შეიქცევენ თავს, თქვენ გკითხავთ: გასამტყუნი ვინ უნდა იყოს? ჩემი სიმკაცრე, თუ მათი ჭირვეულობა? თქვენ ამბობთ: ქრიზოსტომის წადილები უმანკონი იყვნენ, რომ მისთვის ხელი არ უნდა მეკრა. კარგია, მაგრამ სიყვარული რომ გამიმჟღავნა, განა არ გამოვუცხადე, სწორედ ამ ალაგს, სადაც ასაფლავებთ, რომ განმარტოებით მწადია ცხოვრება მეთქი, რომ აღქმა დავდე – ჩემი მშვენიერება მხოლოდ შავ მიწას დავუსაკუთრო მეთქი? თუკი ამანაც ვერ აუხილა თვალები, თუ კლდეზე ბობღვას არ მოეშვა, რაღა საკვირველია, თავისი საკუთარი მოუფიქრებლობის მორევში თუ ჩაიხჩო. მე რომ იგი თითზე დამეხვია, უპატიოსნო გამოვიდოდი; თუ დავნებდებოდი, მაშინ ჩემს წმინდა გადაწყვეტილება ვუღალატებდი; ახირებული იყო და თავის ახირებამ მიიყვანა სასოწარკვეთილებამდის. ახლაც გამამტყუნებთ და მის ტანჯვას მე დამაბრალებთ? მოვატყუე, გავიტაცე ვინმე, ფიცს ვუღალატე? ჩემი გული აღვუთქვი ვისმე? მაშ, ვის შუეძლია გამკიცხოს? ვის მივეცი მიზეზი სასტიკი და ორგული მიწოდოს?

დატოვე კომენტარი