ჯემალ ქარჩხაძე / ზებულონი /

   მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ხანგრძლივი ხეტიალისა და უთვალავი ფათერაკით დაღლილ-დაქანცული, როგორც იქნა, გასცდა ვიწროსა და ბნელ, შმორის სუნით გაჟღენთილ ხვრელს და კაშკაშა სინათლეში მოხვდა, ზებულონმა დაინახა ცისფერი სიკვდილი, რომელიც აყვავებული ნუშისა და ტყემლის თეთრ ტევრს გამოეყო, ჭრელ მინდორზე დაეშვა და მისკენ გამოეშურა. ყვავილები რომ არ გაეთელა, შიშველ ფეხებს მიწას არ აკარებდა, ისე მსუბუქად მოდიოდა, როგორც სიზმარში, და დამათრობელი ღიმილით იღიმებოდა. ასე ახლო ზებულონს სიკვდილი არასოდეს ენახა. მართალია, მთელი ცხოვრება თითქმის მის გვერდით გაატარა, მუდამ ირგვლივ უტრიალებდა, როგორც ფარვანა ალს, საცა არ უნდა ყოფილიყო ყველგან და ყოველთვის გრძნობდა მის საშიშსა და მომნუსხველ სუნთქვას, მაგრამ პირისპირ არასოდეს შეყრია. ახლა თვალებში შეჰყურებდნენ ერთმანეთს და მათ მზერას ვეღარაფერი გათიშავდა, რადგან შერწყმის სურვილი ორთავეს გარდაუვალი ძალით ეწეოდა ერთმანეთისკენ. ზებულონი ნეტარებით გრძნობდა, რომ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და მისი გზა საბოლოოდ შეუერთდებოდა სიკვდილის გზას, ისე რბილად შეუერთდებოდა, ისე მშვიდად, ისე მკვიდრად და ზუსტად – პირი პირზე, ნაჭდევი ნაჭდევზე, წიბო წიბოზე – თითქოს მშობელმა დაკარგული შვილი იპოვაო. სულ ახლო რომ მოვიდა, სიკვდილი ერთბაშად შედგა და გაშეშდა. ახლა სამყაროში მხოლოდ მისი ღიმილი მოძრაობდა. ღიმილი უსხეულო და უხილავ სხივებად იღვრებოდა ზებულონის ირგვლივ და ზებულონს, რომელიც ნელ-ნელა იხსნებოდა მასში, ისღა უკვირდა, რომ სიკვდილს ცისფერი წამოსასხამი ესხა, ცისფერი პირბადე ეფარა და ცისფერი პირბადის უკან თეთრ სახეზე სათნოების ნათელი გადასდიოდა.  ამის დანახვაზე გაიფიქრა, ეგებ ყველას თავისი საკუთარი სიკვდილი ჰყავს და, ჟამი რომ დაჰკრავს, ის საკუთარი სიკვდილი ეწვევაო. სხეულში ანთებული შუქი სწრაფად იზრდებოდა, ყველა კუთხე-კუნჭულში შედიოდა, ყველა კუთხე-კუნჭულს სინათლედ აქცევდა და გარედან დაფრქვეული ღიმილისკენ მიისწრაფვოდა, რათა მათი შერწყმით სამყაროში განუყოფელი სიმშვიდე დამკვიდრებულიყო.

   ახლა ისინი – სიკვდილი და ზებულონი – სადღაც, ძალიან მაღლა, ცის თაღთან ეკიდნენ ერთიმეორის პირისპირ. შუაში მცირე ნაპრალიღა იყო დარჩენილი და, რაწამს ზებულონმა იმ ნაპრალში გადაიხედა, ნაპრალმა მყისვე შეკრა პირი და ცისფერი სიკვდილის ფაფუკი მკლავები ზებულონს რბილად, ნაზად, სათუთად შემოეხვია, როგორც წმინდა და აუმღვრეველი სიყვარული, რომელშიც სიყვარულის მეტი სხვა არაფერი ურევია…
ირგვლივ ყველაფერი ისე კაშკაშებდა, თვალით აღარა იხედებოდა რა, და ამის გამო ზებულონი ვერ მიხვდა, სინათლე იყო ეს თუ სიბნელე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s