ჯორჯ ორუელი / 1984 / “სიძულვილის ორწუთეული”

ისტერიკა

   სიძულვილის პირველი ოცდაათი წამის მანძილზე ნახევარი დარბაზი თავშეუკავებელ სიშმაგეს აფრქვევდა. აუტანელი იყო ეკრანიდან გამომზირალი თვითკმაყოფილი ცხვრის სახე და ევრაზიული არმიის დამზაფვრელი ძალმოსილება. გოლდსტეინის დანახვა, თვით მასზე გაფიქრებაც კი უკვე მექანიკურადაც კი იწვევდა შიშსა და რისხვას. ეს კაცი უფრო მეტი სიძულვილის საგანი იყო, ვიდრე ევრაზია, ან აღმოსავლეთაზია, რადგან როდესაც ოკეანია ერთ-ერთ მათგანთან ომობდა, მაშინ, როგორც წესი, ზავი ჰქონდა მეორესთან. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ, თუმცა გოლდსტეინი ყველას სძულდა და ეზიზღებოდა, თუმცა ბაქნებზე, ეკრანებზე, გაზეთებსა და წიგნებში მის თეორიებს ყოველდღიურად – დღეში ათასჯერ – ამასხარავებდნენ, უარყოფდნენ, ანადგურებდნენ და, მთლიანობაში, რაღაც უბადრუკ ნაგვად ნათლავდნენ, – ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი გავლენა თითქმის არასოდეს კლებულობდა. ყოველთვის გამოიძებნებოდნენ მიამიტები, რომლებსაც იგი შეაცდენდა. დღე არ გავიდოდა, აზრის პოლიციას არ ემხილებინა გოლდსტეინისთვის მომუშავე ჯაშუშები და დივერსანტები…

   … მეორე წუთში სიძულვილი უკვე სიგიჟეში გადაიზარდა. მაყურებლები ადგილზე ხტუნავდნენ და მთელი ხმით ღრიალებდნენ, რათა როგორმე ჩაეხშოთ ეკრანიდან მოკიკინე ეს ჭკუიდან გადამყვანი ხმა.

…   რაღაც მომენტში უინსტონმა დააფიქსირა, რომ ისიც სხვებთან ერთად ყვიროდა და სხვებივით გამეტებით ურტყავდა ფეხებს სკამის საფეხურს. სიძულვილის ორწუთეულის მთელი საშინელება ის კი არ იყო, რომ მაყურებელს ამ პროცესში მონაწილეობას ავალდებულებდა, არამედ ის, რომ შეუძლებელს ხდიდა მასში ჩაურთველობას. ოცდაათი წამის შემდეგ აღარავის სჭირდებოდა თავის მოკატუნება. შიშისა და შურისგების საზიზღარი ექსტაზი, კაცის კვლის, წამების, მტრის სახეში უროს ცემის მძაფრი სურვილი ელექტროდენივით იღვრებოდა დარბაზში შეგროვილი ადამიანებისგან და თითუეულ მათგანს სახეშეშლილ, აღრიალებულ გიჭად აქცევდა. და მაინც, ეს გაშმაგება წარმოადგენდა აბსტრაქტულ, მიზანმიუმართავ ემოციას, რომელიც სარჩილავი ლამპის ალივით შეიძლებოდა მიგემართათ ერთი საგნიდან მეორისკენ. ამგვარად, ერთ რომელიღაც წამს, უინსტონის სიძულვილმა მიმართულება იცვალა, გოლდსტეინს თავი ანება და ამჯერად დიდ ძმის, პარტიისა და აზრის პოლიციისკენ გადაინაცვლა. მსგავს მომენტებში მისი გული ემხრობოდა მარტოხელა, ყველასგან გამასხარავებულ ერეტიკოსს – ჭეშმარიტებისა და გონიერების ერთადერთ მცველს სიცრუის სამყაროში. მაგრამ მომდევნო წამს, უინსტონი კვლავ ირგვლივმყოფთ უერთდებოდა და ყველაფერი, რასაც გოლდსტეინზე ამბობდნენ, სიმართლედ ესახებოდა. ასეთ დროს დიდი ძმის მიმართ ფარული ზიზღი მისივე თაყვანისცემად ექცეოდა…

…   იყო მომენტები, როცა შესაძლებელი ხდებოდა სიძულვილის წარმართვა კონკრეტული ობიექტისკენ. მკვეთრი შინაგანი მოძრაობით, კოშმარში მყოფ ადამიანს თავს რომ გააქნევინებს ხოლმე ბალიშზე, უინსტონმა თავისი სიძულვილი უცებ ეკრანზე გამოსახული სახიდან უკან მჯდომ ქალიშვილზე გადაიტანა. გონებაში ცოცხალი, უჩვეულოდ ლამაზი სურათები აუთამაშდა:
ო, როგორ მიასიკვდილებდა ამ გოგოს რეზინის ხელკეტით! ბოძზე მაიბამდა და ისრებით დაუხვრეტდა სხეულს წმინდა სებასტიანივით! ჯერ გააუპატიურებდა, ორგაზმის მომენტში კი ყელს გამოსჭრიდა… მეტიც, ამჯერად უკეთ გააცნობიერა, რატომ სძულდა ეს არსება. იმიტომ, რომ ახალგაზრდა იყო, ლამაზი და, ამავე დროს უსქესო; იმიტომ, რომ უნდოდა მასთან დაწოლა, მაგრამ ვერასოდეს მოახერხებდა ამას, რადგან ქალიშვილის მოკვალთულ წელს, თითქოს მამაკაცის ხელის შემოხვევას რომ ელოდა, განუყრელად შემოსალტოდა უბიწობის აგრესიული ემბლემა – საძაგელი ალისფერი ლენტი.

   სიძულვილმა ზენიტს მიაღწია. გოლდსტეინის ხმა ნამდვილი ცხვრის კიკინში გადავიდა, მისი სახეც ერთი წამით ცხვრის სახედ იქცა, მერე კი ევრაზიელი ჯარისკაცის სახედ გადადნა. ეს დიდი და საშინელი სახე თანდათან წინ წამოვიდა ავტომატის კაკან-კაკანით და ისე მოახლოვდა, გეგონებოდათ, ეკრანიდან უნდა გადმოხტესო. პირველ რიგში მსხდომი მაყურებლები სკამების საზურგეებზე გადაწვნენ… მაგრამ შემდეგ მომენტში მტრის სახე დიდი ძმის სახედ იქცა, – შავთმიან, შავულვაშიან, ძალითა და იდუმალი სიმშვიდით აღსავსე სახედ, რომელმაც თითქმის მთელი ეკრანი დაფარა. არავის გაუგონია, რა თქვა, რამდენიმე წამახალისებელი სიტყვა, ბრძოლის გნიასში რომ წარმოთქვა, რაიმეთი კი არ გამოირჩეოდა, არამედ ნდობას აღადგენდა თვით თავისი წარმოთქმის ფაქტით. შემდეგ დიდი ძმის სახე კვლავ გაქრა და ეკრანზე დიდი ასოებით დაიწერა პარტიის სამი ლოზუნგი:

* ომი მშვიდობაა
* მონობა თავისუფლებაა
* უმეცრება ძალაა

ერთი კომენტარი

დატოვე კომენტარი