პაველ ვეჟინოვი / განზომილებანი /

განზომილებანი

 სისულელეა, მოსთხოვო ადამიანს ის, რისი გაკეთებაც არ შეუძლია. თითოეულ ჩვენგანში იმალება რაღაც იდუმალი ძალა, რომელიც უკან გვეწევა და ხელ-ფეხს გვიბორკავს. ვხვდები, ნათლად ვერ ვამბობ იმას, რისი თქმაც მინდა. არ შეგიმჩნევიათ, რა ხშირად არიან ადამიანები არათანმიმდევრულნი და ძალზედ ხშირად ამბობენ იმას, რასაც არ ფიქრობენ? ზოგჯერ კი მოულოდნელ, ჩემი აზრით, უგუნურ საქციელსაც კი სჩადიან. არაფერი არ არის არათანმიმდევრულობაზე უფრო ძნელი. არადა, ეს თანმიმდევრულობაც რას ნიშნავს – რას ან ვის უნდა მისდევდე? საკუთარ თავს? საუკეთესო შემთხვევაში შენსავე იმ ნაწილს, რომელსაც გონება და ცნობიერება ეწოდება. ადამიანს არ ძალუძს საკუთარი თავის ბოლომდე შეცნობა. ამით ის მისწვდებოდა სამყაროს ჭეშმარიტებას, ჩვენს ხანმოკლე სიცოცხლეში კი ეს შეუძლებელია, უფრო შეუძლებელი ვიდრე ფრინველივით ცაში აჭრა, რაც ალბათ ოდესმე მოხდება კიდეც, რადგან ეს ადამიანის შესაძლებლობათა ფარგლებშია. მაგრამ როგორ უნდა შევიცნოთ საკუთარი თავი?

   ეჭვს გარეშეა, ადამიანი ბუნების ყველაზე რთული ქმნილებაა. მას შეიძლება ასი სახე გააჩნდეს, მაგრამ ორი მათგანი ყოველთვის დომინირებული იქნება დანარჩენებზე…

   ადამიანი არის ის, რაც ამჟამადაა და ის, რაც იყო მილიონი წლების განმავლობაში, მაგრამ განა ყველას შეუძლია კვლავ გაიაროს ის უსასრულო გზა, რათა ბოლომდე შეიცნოს საკუთარი თავი?

   დიდი ხნის წინ ერთი პატარა, გაღინღლული თუთიყუში მყავდა. ერთი კატაც მყავდა, მერის ვეძახდით. ნამდვილად კარგად აღზრდილი და საყვარელი არსება გახლდათ. ადამიანივით სარგებლობდა საპირფარეშოთი, არავითარ შემთხვევაში არ გაეკარებოდა საჭმელს, თუ მის ჯამზე არ იდო. მხოლოდ და მხოლოდ მოხარშულ ხორცსა და თვეზს მიირთმევდა. მერიმ არც კი იცოდა სისხლის გემო. ერთი სავარძელი ჰქონდა ამოჩემეული; იქიდან კარგად ხედავდა თუთიყუშს. ზოგჯერ საათობით არ ახამხამებდა თვალს, კატისთვის უჩვეულო სიყვარულითა და სინაზით შესცქეროდა. ეს მეგობრობა მეტისმეტად ახარებდა ცოლს.

   – ხედავ, როგორ უყვართ ერთმანეთი? და-ძმასავით არიან.

   მე არ ვპასუხობდი. ცხოველებს გაცილებით კარგად ვიცნობ, ვიდრე ადამიანებს და ვიცოდი: ადრე თუ გვიან კატა თუთიყუშს შეჭამდა. ასეც მოხდა. წარმომიდგენია, რა შეძრწუნებული იყო მერი თავისი საქციელით. არაფერი მითქვამს კატისთვის, არც მიცემია, რა აზრი ჰქონდა? რა თქმა უნდა, არავითარი. განა შეიძლება ბუნების წინაამღდეგ წასვლა? უფრო სწორად, მის წინაამღდეგ წასვლა კი შეიძლება, მაგრამ არაფერი გამოგივა. ზოგჯერ შეიძლება მოატყუო იგი ან გონივრულად დაეთანხმო და რაღაც სასარგებლო გააკეთო, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია.

   ცხადია, ეს საოცრად უხეში მაგალითია. სინამდვილეში, საქმე უფრო რთულადაა.

One response

  1. მართლაც რა ხშირად არიან ადამიანები არათანმიმდევრულნი და ძალზედ ხშირად ამბობენ იმას, რასაც არ ფიქრობენ ..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s